იმ ხანად, როდესაც „ვერთერისადმი“ ცხოველი ინტერესი ღვივდებოდა, გოეთე ვაიმარის ჰერცოგის კარლ აუგუსტის მიწვევით მის თიურინგულ რეზიდენციას ესტუმრა. 1778 წლის 7 ნოემბრიდან გოეთეს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. ვაიმარში გატარებულ 11 წელიწადს, იტალიაში მოგზაურობის დაწყებამდე, ცალკე დარბაზი ეთმობა.

ვიტრინებში განთავსებულია ჰერცოგის დედის, ანა ამალიასა და მისი კარის ვაიმარული კულტურული ცხოვრების სიუჟეტები. ტიშბაინის მიერ ზეთში შესრულებულ ანა-ამალიას პორტრეტს თვალსაჩინო ადგილი აქვს მიკუთვნილი. მის გვერდით კი ვაიმარის საჰერცოგოს კარის მოქანდაკის მიერ შესრულებული კარლ აუგუსტის ბიუსტია მოთავსებული, რომელიც ერთადერთ ეგზემპლარს წარმოადგენს. მასზე გამოსახულია 18 წლის ჰერცოგი, როგორც იგი გოეთემ პირველად იხილა ვაიმარში. კედელზე მოთავსებული სურათები დამთვალიერებელს წარმოდგენას უქმნიან ვაიმარის საჰერცოგოზე, რომლის მართვაში გოეთეც ღებულობდა მონაწილეობას. მის პირველ შთაბეჭდილებებს დარბაზში წარმოდგენილი მისივე წერილიდან ვეცნობით. აქვეა გამოფენილი ვაიმარში ყოფნის პირველ წლებში გოეთეს მიერ შესრულებული რამდენიმე ნახატი. სწორედ ამ წერილში აღნიშნავს გოეთე, რომ იგი მალე მსოფლიო თეატრის სცენაზე თავის როლს შეასრულებს. ამით გოეთე გერმანული კლასიკური ხანის ჰუმანურობის იდეალს უახლოვდება, რომლის მანიფესტადაც მისი ჰიმნი „იყავ ადამიანო კეთილშობილი“ ითვლება. ლექსის გოეთესეული ხელნაწერი დარბაზის ყველაზე ღირებული განძია.

ამ მანუფესტიდან გამომდინარე გოეთე უამრავ სახელმწიფო საქმეში ჩაეფლო, მუზეუმში დაცულია მისი ჩანაწერები სახელმწიფო საქმიანობის სფეროში. ვაიმარში გატარებულ პირველ წლებში გოეთეს შემოქმედებით საქმიანობაში დიდ როლს ასრულებდა შარლოტე ფონ შტაინი. ამ უკანასკნელის სილუეტი ვიტრინაშია წარმოდგენილი. აქვეა გოეთესთან მისი ცხოველი მიმოწერის ერთი ნიმუში და გოეთეს ლექსის „მთვარეს“ შტაინისეული ხელნაწერი. აღსანიშნავია, რომ ეს ლექსი გოეთემ სწორედ მას მიუძღვნა. ვიტრინის წინ განთავსებულია კლაუერის მიერ შესრულებული გოეთეს ბიუსტი, რომელიც შტაინის საკუთრებას წარმოადგენდა.


© გოეთეს მუზეუმი ანტონ-და
კატარინა-კიპენბერგების-ფონდი
იაკობის ქუჩა 2, 40221 დიუსელდორფი, ტელ. (0211) 89-9 62 62

სამუშაო საათები:
სამშაბათიდან პარასკევამდე და კვირას 11-დან 17 საათამდე
შაბათს 13-დან 17 საათამდე