საგამოფენო დარბაზის შესასვლელში, რომელიც გოეთეს ბავშვობისა და სიჭაბუკის წლებს ეძღვნება, განთავსებულია 1749 წლის სპილენძში ჩამოსხმული ფრანკფურტის მაკეტი, რომელზეც გამოსახულია იმ დროისთვის დიდი გალავნით გარშემორტყული თავისუფალი ქალაქი, როცა გოეთე ქვეყანას მოევლინა. იქვე მდებარე ვიტრინაში კი გოეთეს ნათლობის მოწმობაა წარმოდგენილი, რომელშიც მისი სახელი პირველად არის მოხსენიებული. მელჰიორის მიერ შესრულებული ფაიფურის მედალიონზე გოეთეს მშობლებია აღბეჭდილი ჰირშგრაბენზე.

აქ ცხოვრობდა გოეთე ვაიმარში გადასვლამდე, მშობლებისეული სახლის მესამე სართულზე. გოეთემ მამის მითითებით ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიწყო ლათინურის შესწავლა, რის დამამტკიცებელ საბუთსაც ვიტრინაში გამოფენილი სურათი წარმოადგენს. მასზე გამოსახულია პატარა გოეთე, ანტიკური იგავების თარგმნის პროცესში. 16 წლის ასაკში მამის დაჟინებული თხოვნით გოეთე იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ხდება. მამის ოცნება იყო შვილი ფრანკფურტის საქალაქო საბჭოში ერთ-ერთ წამყვან პოსტზე ეხილა. სამართალმცოდნეობის საუკეთესო სკოლა იმ ხანად ლაიფციგში იყო და კასპარ გოეთე თანხებს არ იშურებდა იმისათვის, რომ მის ვაჟს განათლება სწორედ იქ მიეღო. ეს უკანასკნელი კი ლაიფციგში ყოფნისას უფრო მეტ დროს თეატრში სიარულს, ხატვასა და ლექსების წერას უთმობდა. ამავე დარბაზშია გამოფენილი გოეთეს  პოეტური შემოქმედების პირველი ნიმუშები „ახალი სიმღერები“. წიგნის თავფურცელზე მხოლოდ კომპოზიტორი ბრაითკოპფია მოხსენიებული, ხოლო ლექსების ავტორი გასაიდუმლოებულია. მუზეუმში დაცულ ეგზემპლარში კი გოეთეს მიერ შესრულებულია საავტორო მიძღვნა თავისი თანაკურსელის --ლანგერისადმი. აღსანიშნავია, რომ ლანგერს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ქეთჰენ შონკოპფტან, რომელსაც გოეთე ლაიფციგში ყოფნის პერიოდში ეტრფოდა.

სწორედ მას ეძღვნება კრებულში შესული ლექსების დიდი ნაწილი. იმ ფაქტს, რომ გოეთე ლაიფციგში მხოლოდ სამართალმცოდნეობით არ იყო დაკავებული, მოწმობენ ქეთჰენისა და მისი ოჯახისადმი მიწერილი ურიცხვი წერილები, კორნელის მისეული თარგმანის მანუსკრიპტები და ესკიზები, რომელთაც იგი თავისი მასწავლებლის ოეზერის მეთვალყურეობის ქვეშ ასრულებდა. გოეთეს მიზანი ზოგადი განათლების მიღება იყო, რაშიც მას გოთშედი და გელერთი უფრო ეხმარებოდნენ, ვიდრე სამართალცოდნეობის პროფესორები. ვინაიდან გოეთე ამ პიროვნებებს თავის ავტობიოგრაფიაში ხშირად მოიხსენიებს, დარბაზს მათი პორტრეტებიც ამშვენებს.


© გოეთეს მუზეუმი ანტონ-და
კატარინა-კიპენბერგების-ფონდი
იაკობის ქუჩა 2, 40221 დიუსელდორფი, ტელ. (0211) 89-9 62 62

სამუშაო საათები:
სამშაბათიდან პარასკევამდე და კვირას 11-დან 17 საათამდე
შაბათს 13-დან 17 საათამდე