მაისენის ფაიფურის მანუფაქტურაში დამზადებული ვერთერის ფინჯანი.


პრინციპი, რომლის მიხედვითაც კიპენბერგმა თავისი კოლექცია შეაგროვა, ფონდისთვის დღესაც მნიშვნელოვნად რჩება. ის გოეთესეულ სიმბოლურ ცნებას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც მხოლოდ იმ ექსპონატების მიღებაა მიზანშეწონილი, რომლებიც, როგორც ამას გოეთე 1797 წლის 16 აგვისტოს შილერისადმი მიწერილ წერილში აცხადებს, განსაკუთრებული ეგზემპლარები არიან და დამახასიათებელი მრავალფეროვნების ფონზე წარმომადგენლობით ხასიათს ატარებენ, ანუ პირველადი მნიშვნელობის გარდა გადმოსცემენ გოეთეს ეპოქის სულს.

საცავში არსებული ყველა ექსპონატი გოეთეს მოღვაწეობის პერიოდების გაშუქებას ემსახურება. აქ  წარმოდგენილია უამრავი მონეტა, მედალი თუ პლაკატი გოეთეს თანამედროვე სახელმწიფო მოხელეების, სწავლულებისა და ხელოვანების გამოსახულებებით. ფაიფურის ნიმუშები ვაიმარის ხედებით, სხვადასხვა ქალაქებისა და ბუნების სურათებით ქმნიან იმ ადგილების საერთო სურათს, სადაც გოეთეს უწევდა ყოფნა. აქვეა წარმოდგენილი გოეთეს იმ თანამედროვეების პორტრეტები და ბიუსტები, რომელთანაც მას ცხოველი ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა აკავშირებდა. ამ შემეცნებითი სამყაროს ყველაზე ნათელ ამსახველად კი გოეთეს წერილები, ხელნაწერები, ჩანაწერები და წიგნები გვევლინებიან, რომლებიც ასევე მუზეუმის საკუთრებას წარმოადგენენ.

მუზეუმში დაცული 50 000 ექსპონატის გამოფენა ბუნებრივია შეუძლებელია, რადგან ამ რაოდენობას ვერც საგამოფენო დარბაზები და ვერც დამთვალიერებლის აღქმითუნარიანობა გაწვდება. სწორედ ამიტომ საცავის დიდი ნაწილი დაარქივებულია და მისი ჩვენება სხვადასხვა გარემოებებისადმი მიძღვნილ კონკრეტულ გამოფენებზე ხდება. გარდა ამისა დაინტერესებულ პირებს საშუალება ეძლევათ ესა თუ ის ცალკეული ექსპონატი სურვილისამებრ მუზეუმში სპეციალურად გამოყოფილ დარბაზში დაათვალიერონ.

მუზეუმში წარმოდგენილი მთავარი თემა, გოეთეს ცხოვრება და შემოქმედება, ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაა განთავსებული 11 საგამოფენო დარბაზში და 1000-მდე ექსპონატს მოიცავს. ვიტრინებში გამოფენილია ცალკეული ნაწარმოებების პირველი გამოცემები. აქვეა წარმოდგენილი მათზე მუშაობის პროცესში წარმოქმნილი სხვადასხვა ვერსიები და წერილები. ქალაქებისა და ბუნების სურათები კი დამთვალიერებელს იმ ადგილებზე უქმნიან წარმოდგენას, სადაც ესა თუ ის ნაწარმოები იწერებოდა. ქრონოლოგიური თანმიმდევრობის განვრცობა ხორციელდება გოეთესა და მისი მეგობრების სურათების მეშვეობით.


© გოეთეს მუზეუმი ანტონ-და
კატარინა-კიპენბერგების-ფონდი
იაკობის ქუჩა 2, 40221 დიუსელდორფი, ტელ. (0211) 89-9 62 62

სამუშაო საათები:
სამშაბათიდან პარასკევამდე და კვირას 11-დან 17 საათამდე
შაბათს 13-დან 17 საათამდე