ანტონ კიპენბერგმა, რომელიც 1874 წელს ბრემენში დაიბადა და 1950 წელს ლუცერნში გარდაიცვალა, მთელს მსოფლიოში გაითქვა სახელი, როგორც ლაიფციგში ინზელის გამომცემლობის ხელმძღვანელმა და მესაკუთრემ. მან, როგორც ბუკინისტმა, ახალგაზრდობაშივე დაიწო გოეთეს საგანძურების შეგროვება, რითაც იმთავითვე შექმნა ფუნდამენტი გოეთეს საცავისათვის. კიპენბერგის მიერ ნახევარი საუკუნის განმავლობაში თავმოყრილი განძის საფუძველზე მისმა ქალიშვილებმა დიუსელდორფში დამოუკიდებელი იურიდიული სტასუსის მქონე ფონდი ჩამოაყალიბეს და მშობლების პატივსაცემად ანტონ-და-კატარინა-კიპენბერგების-ფონდი უწოდეს.

დიუსელდორფში ფონდის განსათავსებლად საუკეთესო ადგილი იყო სასახლე შლოს იეგერჰოფი, რომელიც საკარო ბაღის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. 1748 წელს იეგერჰოფის მშენებლობა პფალცის თავადმა, კარლ თეოდორმა, აახენის არქიტექტორს იოჰან იოზეფ ქუვენს დაავალა, ხოლო მოგვიანებით შენობის არქიტექტურულ გეგმაში ცვლილებები საკუთარ ხუროთმოძღვარს ნიკოლა დე პიჟაჟს შეატანინა. გოეთეს დაბადებამდე ერთი წლით  ადრე დაპროექტებული მშენებლობა 1772 წელს დასრულდა. გოეთემ შლოს იეგერჰოფი სავარაუდოდ დიუსელდორფში თავისი პირველი ვიზიტის დროს ნახა, თუმცა იგი არაფერს სწერს მასზე. იაკობების ოჯახის აგარაკს პემპელფორტს, სადაც გოეთე დიუსელდორფში სტუმრობდა, შლოს იეგერჰოფისგან ერთი ბაღი ჰყოფდა. 1792 წლის ნოემბერში საფრანგეთის წინააღმდეგ ომიდან დაბრუნებულმა გოეთემ ოთხი კვირა იაკობების აგარაკზე დაჰყო. ამ მოგზაურობის შესახებ გაკეთებულ ჩანაწერებში მართალია ის სასახლეს არ იხსენიებს, მაგრამ ხოტბას ასხამს მეზობლად მდებარე აყვავებულ ბაღებს. 1796 წელს იეგერჰოფი რევოლუციურმა არმიამ გაძარცვა, რასაც შედეგად მისი გაუკაცრიელება მოჰყვა. იეგერჰოფის აღდგენა ადოლფ ფონ ვაგედესის თაოსნობით მხოლოდ 1811 წელს მოხერხდა დიუსელდორფში ნაპოლეონის ვიზიტთან დაკავშირებით.

იაკობების ოჯახთან გოეთეს ახლოურთიერთობის ნიადაგზე საფუძველი ჩაეყარა მთელ რიგ შემეცნებით კავშირებს, რომელთაც გოეთე დიუსელდორფში მცხოვრებ თავისი თანამედროვე ცნობილ ადამიანებთან ამყარებდა. მათ შორის არიან: იოჰან იაკობ ჰაინზე, იოჰან პეტერ მერჰიორი, იოჰან ჰაინრიხ ლისი, ფრიდრიხ ბური, პეტერ კორნელიუსი, ჰაინრიხ კოლბე, ფელიქს მენდელსონ ბართოლდი, ფერდინანდ ჰილერი და ჰაინრიხ ჰაინე. სწორედ ამ სახელებს უკავშირდება ის ფაქტი, რომ დიუსელდოფი ანტონ-და-კატარინა-კიპენბერგების ფონდის „დიუსელდორფის გოეთეს მუზეუმის“ საფუძველზე, რიგით მესამე გოეთეს ქალაქია გერმანიაში, ფრანკფურტისა და ვაიმარის შემდეგ.


© გოეთეს მუზეუმი ანტონ-და
კატარინა-კიპენბერგების-ფონდი
იაკობის ქუჩა 2, 40221 დიუსელდორფი, ტელ. (0211) 89-9 62 62

სამუშაო საათები:
სამშაბათიდან პარასკევამდე და კვირას 11-დან 17 საათამდე
შაბათს 13-დან 17 საათამდე