„ფაუსტი“ ის ნაწარმოებია, რომელზეც გოეთე თითქმის მთელი ცხოვრების მანძილზე მუშაობდა. ამ თემის გასაშუქებლად ასევე ცალკე დარბაზია გამოყოფილი, სადაც დამთვალიერებელს  საშუალება ეძლევა გაეცნოს ფაუსტის მასალის ისტორიას. აქ წარმოდგენილია ხალხური წინაწყაროები, ფაუსტის მარლოვისეული დრამატურგიის ნიმუში და ბოლოს გოეთესეული ვარიანტი. მუზეუმში დაცული მასალა მართლაც რომ შთამბეჭდავი მაგალითია ფაუსტის თემის გაშუქებისა ლიტერატურის, ფერწერისა და მუსიკის სფეროში. საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილია ჯოჯოხეთის სცენის ამსახველი ილუსტრაციები,პეტერ კორნელიუსის მიერ გოეთეს ფაუსტისათვის შესრულებული ნახატები და მონახაზები, რამბლერის მინიატურები აკვარელში, ასევე სალვადორ დალის ოფორტი და პაულ შტრუკის სურათები ფაუსტის მეორე ნაწილიდან. მუსიკალური თემატიკა წარმოდგენილია გუნოდისა და ჰუგო ვოლფის მაგალითებით.

ცალკე ვიტრინა ეთმობა გოეთეს ხელნაწერებს ფაუსტის მეორე ნაწილიდან. აქვეა მოთავსებული რიმერის მიერ შედგენილი ჰელენას აქტის მეტრული სტრიქონები. მომდევნო ვიტრინა ფაუსტის სხვადასხვა ვარიანტების პირველ გამოცემებს წარმოგვიდგენს. სხვებში კი განთავსებულია ეკერმანის მიერ დამუშავებული სასცენო ვარიანტები, ასევე გოეთეს თანამედროვეების მიერ შესრულებული თარგმანებისა და ინტერპრეტაციების ნიმუშები.


© გოეთეს მუზეუმი ანტონ-და
კატარინა-კიპენბერგების-ფონდი
იაკობის ქუჩა 2, 40221 დიუსელდორფი, ტელ. (0211) 89-9 62 62

სამუშაო საათები:
სამშაბათიდან პარასკევამდე და კვირას 11-დან 17 საათამდე
შაბათს 13-დან 17 საათამდე